Tuesday, June 22, 2010

უწმინდესის და უნეტარესის მიერ სინას მთაზე დაწერილი ლოცვა


ეს ლოცვა უწმინდესმა და უნეტარესმა დაწერა სინას მთის წმ. ეკატერინეს მონასტერში,
ხოლო წარმოთქვა სინას მთის წვერზე, სადაც უფალმა მოსე წინასწარმეტყველს ათი მცნება უბოძა
მამაო ჩვენო, - დიდება შენდა!
ძეო ღმრთისაო, - დიდება შენდა!
სულო წმიდაო, - დიდება შენდა!
ყოვლადწმიდა სამებაო, ერთარსებაო, შემოქმედო და განმგებელო ორსავ სამყაროსაო, - დიდება შენდა!

ვითარ ვთქვა ქება მე უღირსმან და გლახაკმან შემკობად შენდა; გონება ჩემი და გული ჩემი ვერ შემძლებელ არს გამოთქმად დიდებისა შენისა. გარნა გვედრი, მიითუალე იგი, ვითარცა უმეცარი სიტყუა ყრმისა მშობლისა მიმართ. ბაგითა ჩემითა მით ცოდვილითა, ღმერთო ჩემო, შენ შეგღაღადებს ერი ჩემი, შენს მიერ შეყვარებული.

უფალო ჩემო, შენ გიგალობენ სერაფიმნი და ქერუბიმნი, მთამარანგელოზნი და ანგელოზნი, ურიცხვნი ძალნი ზეციურნი. მე რა ვთქვა, როგორ შეგასხა ქება? ან რა საქმენი გიჩვენო; ოდეს ღვაწლითა თვისითა განბრწყინდნენ წინასწარმეტყველნი, მოციქულნი, მოწამენი, მღვდელმთავარნი, ღირსნი მამანი და ყოველნი სხვანი წმიდანნი შენნი?

ქრისტიანთა მთავარი ტაძრის ისტორია იერუსალიმში


ქრისტიანულ სამყაროში ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ტაძარი გახლავთ. იმავდროულად, ის სხვადასხვა ქრისტიანულ კონფესიათა დაპირისპირების უმთავრესი მიზეზიც არის, რაც X|| საუკუნეში დაიწყო. კონფესიათა წარმომადგენლები ტაძარში უკეთესი ადგილის მოსაპოვებლად იბრძოდნენ. ისინი ყოველ ღამით შესასვლელთან იკრიბებოდნენ და ცხარედ კამათობდნენ. 1852 წელს 6-მა კონფესიამ - მართლმადიდებლები, კათოლიკეები, სირიელები, სომხები, კოპტები და ეთიოპიელები - თურქეთის სულთნის გავლენით ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, რომლის თანახმადაც, მათ ტაძრის თითოეული სანტიმეტრი გადაინაწილეს.

ქრისტეს საფლავის ტაძრის მრევლი 100 ათასამდე ადამიანს ითვლის, მათი უმრავლესობა არაბები არიან, თუმცა ყველაზე დიდი გავლენით ბერძნები სარგებლობენ. წმინდა მიწაზე ქრისტიანობის უმთავრესი დამცველები სწორედ ისინი იყვნენ, რაც უფრო მათი დიპლომატიური ნიჭის დამსახურებაა. კონსტანტინოპოლის პატრიარქს ახლო ურთიერთობები ჰქონდა სულთნის კართან, ამიტომ ბერძნები იერუსალიმში მეტად დიდი შეღავათებით სარგებლობდნენ. დიდი ხნის განმავლობაში თურქეთის მთავრობა ქალაქის ქრისტიანულ კონფესიათა შორის მხოლოდ მართლმადიდებლებს აღიარებდა. შედეგად, იერუსალიმის წმინდა ადგილების უმრავლესობას ბერძნები აკონტროლებდნენ. კათოლიკურმა დასავლეთმა ჯვაროსნული ომების შემდეგ დაკარგული ავტორიტეტი არცთუ დიდი ხნის წინ დაიბრუნა. დღესდღეობით ყველა კონფესია 1852 წელს დადებული ხელშეკრულების მიხედვით მოქმედებს.

ჯვაროსანთა "გმირობების" გამო კათოლიკეებს წმინდა მიწაზე საუკუნეების განმავლობაში არ უშვებდნენ. კათოლიკური ეკლესიის პოზიციების გამყარება X||||-|X საუკუნეებში დაიწყო, როდესაც იერუსალიმში ფრანცისკანელთა ორდენი დამკვიდრდა. X|X საუკუნეში სხვადასხვა პროტესტანტულმა ორგანიზაციებმა იერუსალიმში მისიონერული საქმიანობა დაიწყეს. შედარებით დიდ წარმატებას ინგლისელმა პროტესტანტებმა მიაღწიეს. მისიონერული საქმიანობა მუსლიმანთა შორის სიკვდილით ისჯებოდა, ამიტომ ინგლისელებმა მთავარი აქცენტი ებრაელებზე გააკეთეს, თუმცა რამე მნიშვნელოვანი შედეგი ამას არ მოჰყოლია.

წმ. გიორგის ხატი წმ. გიორგის ეკლესიას


მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა დიდმოწამე გიორგის აღსრულების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, სამტრედიის ქუჩაზე მდებარე ეკლესიას სპეციალურად ამ დღისთვის შეძენილი წმ. გიორგის ხატი შეწირა.

"წმინდა, საკვირველთმოქმედი და ძლევა-შემოსილი გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა და იგი საქართველოში განსაკუთრებულად უყვართ. მეც ჩემს ოჯახთან ერთად გადავწყვიტე ეკლე-სიისათვის სწორედ ამ წმინდანის ხატი შემეწირა. განსაკუთრებულად მიყვარს ეს დღესასწაული, თან ჩემს შვილიშვილსაც გიორგი ჰქვია და ორმაგად მნიშვნელოვანია ეს დღე ჩემი ოჯახისათვის. "ვლადიმერ კვარაცხელია-დიდუბის მაჟორიტარი დეპუ-ტატობის კანდიდატი

ვლადიმერ კვარაცხელია წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში ოჯახთან ერთად მივიდა. დიდუბის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ეკლესიის ეზოში შეკრებილ მრევლსაც გაესაუბრა და მათ გიორგობა მიულოცა.

სასწაულთმოქმედი ხატი უკვე თბილისშია


თბილისში იერუსალიმიდან გეთსემანიის ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი ჩამოაბრძანეს. ხატი, რომელიც ბიზნესმენ გიორგი რამიშვილის შემწეობით შეიქმნა, ამირან გოგლიძემ დაწერა, ხოლო დავით კაკაბაძემ შეამკო. მას შემდეგ, რაც ღმრთისმშობლის ხატი მაცხოვრის საფლავსა და ღმრთისმშობლის საფლავზე იყო დასვენებული და მის მიმართ ლოცვები აღევლინებოდა, იგი თბილისში ჩამოასვენეს.

ხატის ჩამობრძანებას აეროპორტშივე მოუთ-მენლად ელოდნენ სასულიერო და საერო პირები. დელეგაციას, რომელიც წმინდა გამოსახულებას თან ჩამოჰყვა ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლაშა ჟვანია შეეგება.

"საქართველო ღმრთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა, ეს ხატი კი გეთსემანიის ღმრთისმშობლის სასწაულმთმოქმედი ხატის ასლია. იმედი მაქვს, ხატის ჩამოსვენება საქართველოს გაერთიანების, გამთლიანების საწინდარი გახდება” – ლაშა ჟვანია, ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.

ღმრთისმშობლის ხატი იერუსალიმიდან მთა-ვარეპისკოპოსმა გერასიმემ და არქი-მანდრიტმა ილიამ (ნასიძე) ჩამოაბრძანეს.

,,მადლობა უფალს დღევანდელ დღეს ჩამობრძანდა ღმრთისმშობლის სასწაულ-თმოქმედი ხატი. ეს ხატი ჩაბრძანებული იყო იერუსალიმში, სადაც მოხდა მისი მაცხოვრის საფლავზე დაბრძანება, დედა ღმთისმშობლის საფლავზე დაბრძანება, პარაკლისის გადახდა, მისი სადღესასწაულო ამობრძანება მრავალჟამიერით. ძალიან ბევრი ქართველი ესწრებოდა ყოველივე ამას. ღმერთმა ინებოს, რომ იერუსალიმის ღმთისმშობელმა საქართველოს მოუტანოს მშვიდობა, ერთმანეთის მიმტევებლობა და ერთმა-ნეთის უდიდესი სიყვარული” – არქიმანდრიტი ილია (ნასიძე).

წმინდა ხატი სამების საკათედრო ტაძარში დაასვენეს, სადაც იგი სამ თვეს დაჰყოფს. ამის შემდეგ მას მცხეთაში, გეთსემანიის სახელობის ტაძარში დააბრძანებენ. ახლად-აგებული ტაძარი სწორედ იმ ადგილას დგას, სადაც სიდონია მაცხოვრის კვართს შეეგება და სადაც მცხეთას მოსულმა წმიდა ნინომ დაიდო ბინა. შაჰ-აბასის შემოსევებისას დანგრეული ტაძარი ამჟამად აღმდგარია და სასწაულთმოქმედი ღმრთისმშობლის ხატის დაბრძანებას ელის.