Tuesday, June 22, 2010

ქრისტიანთა მთავარი ტაძრის ისტორია იერუსალიმში


ქრისტიანულ სამყაროში ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ტაძარი გახლავთ. იმავდროულად, ის სხვადასხვა ქრისტიანულ კონფესიათა დაპირისპირების უმთავრესი მიზეზიც არის, რაც X|| საუკუნეში დაიწყო. კონფესიათა წარმომადგენლები ტაძარში უკეთესი ადგილის მოსაპოვებლად იბრძოდნენ. ისინი ყოველ ღამით შესასვლელთან იკრიბებოდნენ და ცხარედ კამათობდნენ. 1852 წელს 6-მა კონფესიამ - მართლმადიდებლები, კათოლიკეები, სირიელები, სომხები, კოპტები და ეთიოპიელები - თურქეთის სულთნის გავლენით ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, რომლის თანახმადაც, მათ ტაძრის თითოეული სანტიმეტრი გადაინაწილეს.

ქრისტეს საფლავის ტაძრის მრევლი 100 ათასამდე ადამიანს ითვლის, მათი უმრავლესობა არაბები არიან, თუმცა ყველაზე დიდი გავლენით ბერძნები სარგებლობენ. წმინდა მიწაზე ქრისტიანობის უმთავრესი დამცველები სწორედ ისინი იყვნენ, რაც უფრო მათი დიპლომატიური ნიჭის დამსახურებაა. კონსტანტინოპოლის პატრიარქს ახლო ურთიერთობები ჰქონდა სულთნის კართან, ამიტომ ბერძნები იერუსალიმში მეტად დიდი შეღავათებით სარგებლობდნენ. დიდი ხნის განმავლობაში თურქეთის მთავრობა ქალაქის ქრისტიანულ კონფესიათა შორის მხოლოდ მართლმადიდებლებს აღიარებდა. შედეგად, იერუსალიმის წმინდა ადგილების უმრავლესობას ბერძნები აკონტროლებდნენ. კათოლიკურმა დასავლეთმა ჯვაროსნული ომების შემდეგ დაკარგული ავტორიტეტი არცთუ დიდი ხნის წინ დაიბრუნა. დღესდღეობით ყველა კონფესია 1852 წელს დადებული ხელშეკრულების მიხედვით მოქმედებს.

ჯვაროსანთა "გმირობების" გამო კათოლიკეებს წმინდა მიწაზე საუკუნეების განმავლობაში არ უშვებდნენ. კათოლიკური ეკლესიის პოზიციების გამყარება X||||-|X საუკუნეებში დაიწყო, როდესაც იერუსალიმში ფრანცისკანელთა ორდენი დამკვიდრდა. X|X საუკუნეში სხვადასხვა პროტესტანტულმა ორგანიზაციებმა იერუსალიმში მისიონერული საქმიანობა დაიწყეს. შედარებით დიდ წარმატებას ინგლისელმა პროტესტანტებმა მიაღწიეს. მისიონერული საქმიანობა მუსლიმანთა შორის სიკვდილით ისჯებოდა, ამიტომ ინგლისელებმა მთავარი აქცენტი ებრაელებზე გააკეთეს, თუმცა რამე მნიშვნელოვანი შედეგი ამას არ მოჰყოლია.

No comments:

Post a Comment