Tuesday, June 22, 2010
უწმინდესის და უნეტარესის მიერ სინას მთაზე დაწერილი ლოცვა
ეს ლოცვა უწმინდესმა და უნეტარესმა დაწერა სინას მთის წმ. ეკატერინეს მონასტერში,
ხოლო წარმოთქვა სინას მთის წვერზე, სადაც უფალმა მოსე წინასწარმეტყველს ათი მცნება უბოძა
მამაო ჩვენო, - დიდება შენდა!
ძეო ღმრთისაო, - დიდება შენდა!
სულო წმიდაო, - დიდება შენდა!
ყოვლადწმიდა სამებაო, ერთარსებაო, შემოქმედო და განმგებელო ორსავ სამყაროსაო, - დიდება შენდა!
ვითარ ვთქვა ქება მე უღირსმან და გლახაკმან შემკობად შენდა; გონება ჩემი და გული ჩემი ვერ შემძლებელ არს გამოთქმად დიდებისა შენისა. გარნა გვედრი, მიითუალე იგი, ვითარცა უმეცარი სიტყუა ყრმისა მშობლისა მიმართ. ბაგითა ჩემითა მით ცოდვილითა, ღმერთო ჩემო, შენ შეგღაღადებს ერი ჩემი, შენს მიერ შეყვარებული.
უფალო ჩემო, შენ გიგალობენ სერაფიმნი და ქერუბიმნი, მთამარანგელოზნი და ანგელოზნი, ურიცხვნი ძალნი ზეციურნი. მე რა ვთქვა, როგორ შეგასხა ქება? ან რა საქმენი გიჩვენო; ოდეს ღვაწლითა თვისითა განბრწყინდნენ წინასწარმეტყველნი, მოციქულნი, მოწამენი, მღვდელმთავარნი, ღირსნი მამანი და ყოველნი სხვანი წმიდანნი შენნი?
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment